მენტალური არითმეტიკა
მათემატიკის შესწავლის და ტვინის ვარჯიშის იაპონური მეთოდი - როგორ ვასწავლოთ ბავშვებს
მეცნიერების მტკიცებით, ბავშვის წარმატებისთვის საჭირო ყველა უნარის გასავითარებლად აუცილებელია, ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები ჰარმონიულად განვითარდეს. აღმოჩნდა, რომ ტვინის ორივე ნახევარსფეროზე საუკეთესო გავლენას მენტალური არითმეტიკა ახდენს. სწავლის ამ მეთოდზე და მის უპირატესობაზე ფსიქოლოგი დავით ნაზაროვი გვესაუბრა.
- ჩემი შვილებისთვის ყოველთვის მაინტერესებდა და ვეძებდი ბავშვის განვითარებისთვის ხელშემწყობ მეთოდებს. ინტერნეტით შევიტყვე, რომ არსებობს ასეთი მეთოდი- "მენტალური არითმეტიკა." ძალიან მომეწონა და გამიჩნდა სურვილი, ეს მეთოდი საქართველოში შემომეტანა. 29 ოქტომბერს გაიმართება პრეზენტაცია, რომელსაც წარუძღვება მოწვეული ტრენერი. გვეყოლება თარჯიმანი, რათა ყველამ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ჩვენი სასწავლო ცენტის შესახებ, სადაც სწორედ ამ მეთოდს ვიყენებთ. ტრენერი გააცნობს მშობლებსა და ბავშვებს სწავლის მეთოდს. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.
- რას გულისხმობს "მენტალური არითმეტიკა" , რა პრინციპზეა დაფუძნებული? - არსი იმაშია, რომ ტვინის ორი ნახევარსფეროს მუშაობა გააერთიანოს. ამისათვის გამოიყენება ძველი ინსტრუმენტი – იაპონური საანგარიშო, რომელიც ოდნავ განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი საანგარიშოსგან. სკოლაში გამრავლების ტაბულას ზეპირად სწავლობენ, რომ არ გამოითვალონ. როცა საჭიროა 4+2-ის გამოყვანა, ჩვენ მეხსიერებას ან ლოგიკას ვიყენებთ. იაპონელებმა მოიფიქრეს სისტემა, რომლის მიხედვითაც ბავშვი ჯერ სწავლობს თვლას საანგარიშოზე, შემდეგ კი მათ ვიზუალიზაციას აკეთებს წარმოსახვაში, თითქოს ფიქრებით აადგილებს საანგარიშოს ქვებს. როდესაც ადამიანი ახდენს ნახატის ვიზუალიზაციას,
- ამ სისტემით რისი დათვლა და დაანგარიშება შეიძლება?- ნებისმიერი რამის – გამრავლება, გაყოფა, მიმატება, კვადრატული ფესვის ამოყვანა. თავდაპირველად, ბუნებრივია, ასწავლიან მიმატებისა და გამოკლების კანონებს, გაყოფა და გამრავლება კი მოდის სწორედ ამ კანონების ცოდნის შემდეგ. ვიდეორგოლებზე ჩანს, რომ დიდ ციფრებსაც კი იოლად ითვლიან ბავშვები. ისინი გავარჯიშებულები არიან, სწრაფად გადააადგილონ ქვები წარმოსახვით საანგარიშოზე და მარტივად ხედავენ პასუხ-გამოსახულებას, რომლის მხოლოდ გაშიფვრაა საჭირო. ისინი უფრო სწრაფად ითვლიან, ვიდრე ჩვენ კალკულატორზე ავკრეფთ ციფრებს.
- როგორ შეარჩიეთ პედაგოგები და სად გაიარეს მათ სწავლება?- თბილისში ბრძანდებოდა მოსკოველი სპეციალისტი, რომელმაც ჩვენს პედაგოგებს ტრენინგები ჩაუტარა. მოზრდილებს დიდი მოტივაცია ჰქონდათ, რომ აეთვისებინათ ახალი მასალა. პედაგოგები ათი დღის განმავლობაში ინტენსიურად ხსნიდნენ ამოცანებს და ახლაც აგრძელებენ საანგარიშოსთან მუშაობას. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მოზრდილი მაინც ვერმიაღწევს ბავშვის შედეგებს – დრო წასულია. ბავშვს კი ტვინი ჯერ კიდევ პლასტიური აქვს და შეუძლია უფრო სწრაფად აითვისოს ახალი ინფორმაცია. ამიტომ ბავშვები აუცილებლად გაუსწრებენ პედაგოგებს.
- მეთოდიკა გარკვეული კურსის გავლას გულისხმობს თუ მუდმივად საჭიროა მეცადინეობა?- სწავლების კურსი ორ წელზეა გათვლილი, თუმცა შეიძლება, სპორტთან გავავლოთ პარალელი: რაც მეტს ვარჯიშობს ბავშვი, მით უკეთესია შედეგი. იაპონიასა და ჩინეთში ეს მეთოდი სტანდარტულ სასკოლო პროგრამაშია შეტანილი. თუმცა მის ათვისებას ჯერ კიდევ ბაღიდან იწყებენ. ამ სისტემით ტარდება საერთაშორისო ჩემპიონატები ბავშვებს შორის, რის ამსახველი ვიდეორგოლებიც ინტერნეტში არსებობს. ჩვენმა ბავშვებმაც რომ მიაღწიონ ასეთ შედეგებს, ყოველდღიური ვარჯიშია საჭირო.
- რა ასაკში ჯობს სწავლის დაწყება და ყველასთვის თუა ხელმისაწვდომი ეს მეთოდი?- მართალია, "მენტალური არითმეტიკა" ხელმისაწვდომია ბავშვების უმრავლესობისთვის, ვერ ვიტყვით, რომ ეს პანაცეაა. არსებობენ ჰიპერაქტიური ბავშვები, რომლებსაც უჭირთ ყურადღების კონცენტრირება, სიბეჯითე. თუმცა პრინციპში, მათ შეუძლიათ, ფეხზემდგარებმა დაითვალონ, ასეთი მაგალითებიც გვაქვს. ზოგიერთებს აქვთ მცდელობები, 4 წლიდან მოიყვანონ ჩვენთან ბავშვები – ყველაფერი ბავშვის განვითარების დონეზეა დამოკიდებული. პედაგოგები აფასებენ მათ გასაუბრებისას, ხანდახან ურჩევენ მშობელს, ცოტა მოგვიანებით მოიყვანოს. ძირითადად, დაწყებითი კლასების მოსწავლეები მოდიან ჩვენთან. მათთვის ეს საინტერესოა, ამიტომ მათთან უკვე რამდენიმე თვეში ვხედავთ შედეგს. საერთოდ კი, 16 წლამდე ვიღებთ ბავშვებს.
- მეთოდი რამენაირად არის შეფარდებული სკოლის პროგრამასთან?- პრინციპში, არანაირად. თუმცა რა არის ცუდი იმაში, თუ ბავშვმა ორი მეთოდით იცის თვლა? ეს იგივეა, რომ ორი ენა იცოდეს. თუ ვისაუბრებთ პირველ და მეორეკლასელებზე, მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი მოსწრება იზრდება. მათემატიკური უნარების გარდა ხომ ვარჯიშდება კონცენტრირების უნარი, ეს კი დადებითად აისახება ყველა საგანზე. ბავშვისთვის უფრო ადვილი ხდება ნებისმიერი ინფორმაციის გაგება და ათვისება. თურქეთში კერძო და საჯარო სკოლები ყიდულობენ ამ მეთოდს და პროგრამაში შეაქვთ. იაპონიაში კი უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს ეს მეთოდოლოგია.
Comments
Post a Comment